English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ავთანდილ სილაგაძე
სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოური ქვეყნების ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის შედარებითი ანალიზი

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ისინი სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) და გარკვეულწილად შეინარჩუნეს ერთიანი სსრ კავშირში ჩამოყალიბებული ტრადიციული კავშირურთიერთობანი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ამ ქვეყნების ეკონომიკების განვითარებისათვის. ამ ურთიერთობების შენარჩუნების საიმედოობა, სხვა ავტორებთან ერთად, ეჭვქვეშ დადგა – აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო. ამ მოვლენებმა ქვეყნების ვექტორები შეცვალა. საქართველო გამოვიდა დსთ-ს შემადგენლობიდან და კურსი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ აიღო. გასაგები მიზეზების გამო, სომხეთი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე, ყარაბახზე ზეგავლენას დაკარგავს და იგი რჩება დსთ-ში; აზერბაიჯანი, ჯერჯერობით, ამაოდ ცდილობს დსთ-ის ბერკეტების გამოყენებას და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სხვადასხვა ალტერნატიულ გზებს ეძებს. სამწუხაროდ, ამ კონფლიქტებში „ლომის წვლილი“ რუსეთს მიუძღვის, რომელიც ასეთი გზებით ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეგავლენის შენარჩუნებას. ამ ფაქტორებმა დიდად განსაზღვრა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მასშტაბებიც. ნაცვლად ხელსაყრელი გეოეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორების რეალიზაციისა – ფინანსური ცენტრების შექმნისა და საერთო სატრანსპორტო არეალის გაფართოებისა, კონფლიქტებმა შეავიწროვა ქვეყნების განვითარების პერსპექტივები. შემთხვევითი როდია ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების განსხვავებული ტემპებით წარმართვა. ნაშრომში გაკეთებულია სამი ქვეყნის ზოგიერთი ეკონომიკური ინდიკატორის შედარებითი ანალიზი. მიღებული დასკვნის მიხედვით: პირველი, 1990 წელს, მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ,GDP) მოცულობით, ლიდერია აზერბაიჯანი, რომელსაც დიდად არ ჩამორჩა საქართველო, სომხეთის მონაცემები უფრო მოკრძალებული იყო. 2017 წელს აზერბაიჯანმა თითქმის გააათმაგა ეს მაჩვენებელი, საქართველომ მისი გააორმაგება, სომხეთმა კი გახუთმაგება შეძლო; მეორე, რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ზრდის ტემპები. ეკონომიკის ზრდის საშუალოწლიური მაქსიმალური ზრდის ტემპი 35%-მდე დაფიქსირდა აზერბაიჯანში 2008 წელს, შემდეგ მკვეთრად შემცირდა ენერგორესურსების რეალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაბალი ტემპების გამო. სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები ორნიშნა ციფრით გამოისახა, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა დსთ-ს, მათ შორის რუსეთთან ეკონომიკურმა კავშირურთიერთობებმა. შედარებით დაბალი, არასაკმარისი ზრდის ტემპები ფიქსირდება საქართველოში, სადაც ეკონომიკის მასშტაბი მაქსიმალურად – თითქმის 45%-ით შე- იკვეცა 1994 წელს, მაქსიმალური ზრდა კი დაფიქსირდა 1996 წელს – 11.2% და 2007 წელს -12.3%; მესამე, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) მაჩვენებლები სამივე ქვეყანაში ჩამორჩა მსოფლიო ანალოგიურ მაჩვენებელს (10715$, 2017 წ.). საქართველო 1990 წელს ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე იყო, 2014 წელს მას აზერბაიჯანმა თითქმის 2-ჯერ გაუსწრო. ამასთან, 2017 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის მაჩვენებელი აზერბაიჯანში თითქმის 2-ჯერ შემცირდა, 2014 წელთან შედარებით (ეს მონაცემი მაქსიმალური იყო: 2014 წელს აზერბაიჯანში -7891$, სომხეთში 2008 წელს – 4010$ და საქართველოში 2014 წელს – 4430$). აზერბაიჯანმა მოსახლეობის ერთ სულზე მსპ-ს ზრდის მაქსიმალურ ტემპს 33.0%-ს მიაღწია 2006 წელს, მაქსიმალურ ვარდნას – -23.8% -ს კი 1992 წელს. სომხეთში ანალოგიური მაჩვენებლები შესაბამისად იყო: 14.7% (2003) და -13.6 (2009).

ამრიგად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მძიმედ შეეხო (2009) სომხეთსა და საქართველოს; მეოთხე, ყიდვითი უნარის მიხედვით მსპ-ს მაჩვენებლით, განსხვავებული სურათი გამოიკვეთა: 2017 წელს, 1990 წელთან შედარებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მაჩვენებლები შედარებით ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე სომხეთისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ფასების შედარებით ნაკლები ზრდა; მეხუთე, მსპ მოსახლეობის ერთ სულზე, PPP-ს მიხედვით (მიმდინარე საერთაშორისო$) მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს (16941$) მნიშვნელოვნად ჩამორჩა საქართველო და სომხეთი, აზერბაიჯანის მაჩვენებელი (17400$) კი მასზე უფრო მაღალია; მეექვსე, პოსტსაბჭოური ეკონომიკისათვის დამახასიათებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებული ზრდა ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებში, მაგ. აზერბაიჯანში. ეს ქვეყანა დომინირებს არამარტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, არამედ ის ინვესტიციების აქტიური ექსპორტიორი ქვეყანაც გახდა (მათ შორის საქართველოში). მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, ყოველთვის ქვეყნის მსპ-ში მის უფრო მაღალ წილს (%) არ ნიშნავს – გამოიკვეთა, რომ 2013-2017 წლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია საქართველოში; მეშვიდე, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში დაბალია მოსახლეობის რეალური შემოსავლები მაღალი ინფლაციის გამო. 2016-2017 წწ. აზერბაიჯანში მკვეთრად მაღალი ინფლაცია – სამომხმარებლო ფასების ზრდა დაფიქსირდა სომხეთსა და საქართველოსთან შედარებით; მერვე, ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასტიმულირებს და ქვეყნიდან მუშახელის გადინების მასშტაბებს ამცირებს. შემთხვევითი როდია, რომ აზერბაიჯანში უმუშევრობის დონე საშუალოევროპული მაჩვენებლის ფარგლებშია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 11.6%-მდე შემცირდა, სომხეთში კი ის 18%-ს აღემატება; მეცხრე, მიგრაციის მაღალი მასშტაბებია სომხეთსა და საქართველოში. წმინდა მიგრაციის მიხედვით, საქართველო და სომხეთი არასახარბიელოდ გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშებებმა ცხადჰყო, რომ აზერბაიჯანში 2017 წელს, 1990 წელთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობამ 138% შეადგინა, სომხეთში – 82.8%, საქართველოში კი – 77.4%.